ლაშა დარსალია - საქართველოს ხელისუფლება მოწადინებულია, მხოლოდ დეესკალაციის მიმართულებით ვიაროთ  
ლაშა დარსალია - საქართველოს ხელისუფლება მოწადინებულია, მხოლოდ დეესკალაციის მიმართულებით ვიაროთ  

არ ვიცი, რას ნიშნავს, ვიყოთ ინტელიგენტურები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველო მოწადინებულია, დეესკალაციის მიმართულებით იაროს.

„ცალსახად რაც არის, ისაა, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა და ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, მოწადინებული არიან, მხოლოდ დეესკალაციის მიმართულებით ვიაროთ, პრობლემების მოგვარების და არა მათი შექმნის გზით. სამწუხაროდ, საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დიდი ხანია არის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევის დისკუსიების 48-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სიტყვა სანქციის გამოყენება არასწორია. მისი თქმით, რუსეთის შეზღუდვების ვადაზე კონკრეტულ პირობებს არასოდეს აყენებს. „რაც შეეხება შეზღუდვების ვადას, ეს ყველაფერზეა დამოკიდებული, ჩვენ კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, რბილად და ინტელიგენტურად, მაშინ ყველაფერი გაირკვევა. რას ნიშნავს ინტელიგენტურად? – შევხედოთ ეს შემოქმედებითი საკითხია“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.