ლაშა დარსალია - საქართველომ წარმატებით გაართვა თავი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას, მოხერხდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა
ლაშა დარსალია - საქართველომ წარმატებით გაართვა თავი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას, მოხერხდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა

საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ის ერთი მხრივ, დაემთხვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს, მეორე მხრივ, თვითონ ამ ორგანიზაციის სამოცდაათი წლისთავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა.

„მიუხედავად ამისა, საქართველომ საკმაოდ წარმატებით გაართვა ამ თავმჯდომარეობას თავი და მოხერხდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და ღონისძიებების ჩატარება. 2019 წლის 27 ნოემბრიდან არის საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა და დღეს ასრულებს თავმჯდომარეობას. იანვრიდან ეს ღონისძიებები იმართებოდა ახალი ფორმატით, ონლაინ რეჟიმში მაღალი დონის ჩართულობით. ამასთან, განსაზღვრული იყო პრიორიტეტები, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობას ეხებოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი საფუძვლები შექმნა ორგანიზაციის შემდომი მუშაობისთვის. მაგალითად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რაც საქართველოს ჰქონდა იყო ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დეკლარაცია არის შემუშავებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს დეკლარაცია იქნება არა მარტო ერთი ქვეყნის მიერ წარდგენილი, არამედ იქნება სამეულის მიერ წარდგენილი, მიმდინარე და მომავალი სამი თავმჯდომარის მიერ. ეს დეკლარაცია იქნება საქართველოს, საბერძნეთის და გერმანიის ერთობლივად წარდგენილი დოკუმენტი“, – განაცხადა დარსალიამ.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას დღეს ოფიციალურად საბერძნეთს გადააბარებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში იმართება.