ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.

მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით კი რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში კვლავ დაადასტურა მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ და ქმედით ჩართულობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.