ლაშა დარსალია - სირთულის მიუხედავად, გვაქვს მოლოდინი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება
ლაშა დარსალია - სირთულის მიუხედავად, გვაქვს მოლოდინი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებების დროს ყურადღება დაეთმო, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხება.

მისივე თქმით, ასევე, საუბარი იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელების საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციაზე.

ლაშა დარსალიას განცხადებით, მოლაპარაკებების სიმძიმისა და თემის სირთულის  მიუხედავად, იმედი აქვს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

„სამწუხროდ, როგორც ყველა რაუნდი, ესეც ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით იმ ბოლო განვითრებების გამო, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოდან მოყოლებული დამძიმებულია ვითარება ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არის მთელი რიგი საკითხები დაკავშირებული, როგორც გადასასვლელების დაკეტვასთან, ასევე უკანონო ბორდერიზაციასთან. დაკავებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი საკითი ბატონ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. საკითხი რთულია, თუმცა იმ ვითარებიდან, რაც იყო მოლაპარაკებებზე და რაც რეაგირებიდან, რეაქციებიდან ჩანდა, გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში დაიხურება. მოლაპარაკებების იმ დინამიკიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი სიმძიმისა, იმედი მაქვს, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაიჭრება“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ის 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი