ლაშა დარსალია - რუსული მოთხოვნების მიუხედავად, პარტნიორების მხრიდან პირდაპირ იქნა გავლებული წითელი ხაზები, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას
ლაშა დარსალია - რუსული მოთხოვნების მიუხედავად, პარტნიორების მხრიდან პირდაპირ იქნა გავლებული წითელი ხაზები, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას

რუსული მოთხოვნების მიუხედავად, პარტნიორების მხრიდან პირდაპირ იქნა გავლებული წითელი ხაზები, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტი გამოხატულებაა, რომ ნებისმიერ თემას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, უპირველესად, პარტნიორები და ნატო თავად საქართველოსთან გაივლიან.

„ეს ვიზიტი შეთანხმდა ერთი კვირის წინ, დავით ზალკალიანის საუბრისას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. შესაბამისად, დღეს უკვე დაიწყება ეს ვიზიტი, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი განხილვები გვექნება პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ეხება იმ უსაფრთხოების გარემოს, იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო და პარტნიორებთან ერთად დაისახება შემდგომი ნაბიჯები. ცალსახად, რუსული მოთხოვნების მიუხედავად, საჯაროდ და ძალიან პირდაპირ იქნა გავლებული წითელი ხაზები პარტნიორების მხრიდან. უპირველესად, ეს ეხება იმას, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე სახით რევიზიას. ასევე, პარტნიორი ქვეყნების, უპირველ ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ შეიძლება, იყოს რაიმე სახით მსჯელობის ან განხილვის თემა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. ვიცე-პრემიერს შეხვედრები ნატო-ს მთავარ შტაბბინაში აქვს დაგეგმილი. დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან, დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატო-ს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი