ლაშა დარსალია - რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე, რაიმე ფორმატში ერთობლივი მონაწილეობა წარმოუდგენელია
ლაშა დარსალია - რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე, რაიმე ფორმატში ერთობლივი მონაწილეობა წარმოუდგენელია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია რაიმე სახის ფორმატში საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი მონაწილეობა, ვიდრე რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებები არ იქნება შესრულებული.

ამის შესახებ დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, უპირველესად, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ჩართული ვართ სხვადასხვა რეგიონულ ფორმატებში. გასაგებია ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მცდელობები, მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისკენ ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება სამშვიდობო ან მშვიდობისა და განვითარების ფორმატებს, რომელშიც იქნება რუსეთის ფედერაცია, ჩვენთვის ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში.

უპირველეს ყოვლისა, რომ არსებობდეს ფორმატები, სადაც რუსეთის ფედერაციაც იქნებოდა ჩართული, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც გულისხმობს მის მიერ სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, საკუთარი ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიებიდან, დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაწყებას და ა.შ. რაც აუცილებელია მთლიანად მშვიდობისთვის რეგიონში. სხვა მხრივ, მე ვერ წარმომიდგენია რაიმე ფორმატში საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი მონაწილეობა. ჩვენ ეს იდეა გავიგეთ, როგორც ყველა სხვამ, ამიტომ უშუალოდ დეტალები ჩემთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.