ლაშა დარსალია - რუსეთის დესტრუქციული მიდგომების გამო, ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა
ლაშა დარსალია - რუსეთის დესტრუქციული მიდგომების გამო, ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა

რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული მიდგომების გამო, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა, – ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ისევ ზეწოლისა და მუქარის გზას ირჩევს.

„სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, აღნიშნული მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული მიდგომების გამო. რუსეთის ფედერაცია კვლავ ზეწოლისა და მუქარის გზას ირჩევს. ნებისმიერ მცდელობას, პოლიტიკური საკითხები იყოს გამიჯნული თუნდაც ჰუმანიტარული საკითხებისგან და გარკვეული წინსვლა გვქონდეს ადამიანების მდგომარების შემსუბუქების მხრივ, რუსეთი პასუხობს მხოლოდ საკითხის პოლიტიზებით და მცდელობით, რომ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, სწორედ ადამიანის უფლებების საკითხებზე ზეწოლის გზით“, – განაცხადა დარსალიამ.

მისი თქმით, ამ კუთხით საქართველოს დელეგაციამ უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების საკითხი დააყენა.

„საკითხები, რაც იყო განხილული და დაყენებული ამ ჭრილში საქართველოს დელეგაციის მიერ, ის არის, რომ შესაბამისი საერთაშორისო უსაფრთხოების მექნიზმები უნდა ამოქმედდეს, რათა უზუნველყოფილი იყოს ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. სამწუხაროდ, 10 წლის თავზე, ჩვენ კვლავ გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი გუშინ დაიწყო. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.