ლაშა დარსალია  - რთული რაუნდი იყო, რუსეთის დელეგაციის მხრიდან საკითხებისადმი კვლავ არაკონსტრუქციული მიდგომა გამოვლინდა
ლაშა დარსალია - რთული რაუნდი იყო, რუსეთის დელეგაციის მხრიდან საკითხებისადმი კვლავ არაკონსტრუქციული მიდგომა გამოვლინდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი რთული იყო და რუსეთის დელეგაციის მხრიდან კვლავ გამოვლინდა საკითხების მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებმაც აღნიშნეს.

„სამწუხაროდ, ტრადიციულად, ეს რაუნდიც ძალიან რთული იყო, ისევე როგორც ყველა წინა სხვა რაუნდი. შეხვედრის დროს გავიარეთ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მდგომარეობა. კვლავ გამოვლინდა რუსეთის დელეგაციის მხრიდან არაკონსტრუქციული მიდგომა, როდესაც გამოჩნდა კიდეც, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმებიდან ის, რაც ეხება რუსეთის ვალდებულებებს, არაფერი არ არის შეთანხმებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ვალდებულებებზე არა მხოლოდ ჩვენმა დელეგაციამ, საერთაშორისო პარტნიორებმაც აღნიშნეს, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს. ვიდრე არ მოხდება 6-პუნქტიან შეთანხმებაზე რაიმე პროგრესი, ზოგად პროგრესზე საუბარი რთულია“, – განაცხადა დარსალიამ.

ამასთან, როგორც დარსალიამ აღნიშნა, ქართული დელეგაცია შეეცადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ყოფა მცირედით მაინც შეემსუბუქებინათ.

„თუმცა არის კიდევ მეორე – ჰუმანიტარული ნაწილიც ამ მოლაპარაკებების, სადაც იყო მსჯელობა პირველ რიგში, იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, დაკავებებს, ადგილზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეების დევნა ეთნიკური ნიშნით ხდება. სამწუხაროდ, რეალობა არის, რომ ადამიანის უფლებათა საკითხების ინსტრუმენტალიზაცია და გამოყენება ხდება პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც 21-ე საუკუნისთვის მიუღებელი ფაქტი და რეალობაა. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არიან მძველები პოლიტიკური პროცესის და მთლიანად ოკუპაციის. ჩვენს დელეგაციას ჰქონდა მცდელობა, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული და ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა ადამიანების ყოფა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.