ლაშა დარსალია - პანდემიაც კი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პრობლემაა, გამოყენებულ იქნა ოკუპაციის ინსტრუმენტად, რამაც ბევრი ლეტალური შემთხვევა მოიტანა
ლაშა დარსალია - პანდემიაც კი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პრობლემაა, გამოყენებულ იქნა ოკუპაციის ინსტრუმენტად, რამაც ბევრი ლეტალური შემთხვევა მოიტანა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მთავარი თემა იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უკანონო დაკავებები.

მისივე თქმით, დღეს ტრადიციულად გაიმართება წინასწარი შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან, აშშ-ის წარმომადგენლებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჟენევის პლატფორმაზე.

„გვექნება წინასწარი მსჯელობა ხვალინდელ რაუნდზე და იმ ძირითად საკითხებზე, რომლებსაც დააყენებს საქართველოს დელეგაცია. პირველ რიგში, ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, არსებული მდგომარეობა. ჰუმანიტარულ ჯგუფში საუბარი იქნება არსებულ ვითარებაზე ჰუმანიტარული მდგომარეობის თვალსაზრისით. მოგეხსნებათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. სასამართლოს გადაწყვეტილების პუნქტები იქნება ძირითადი საკითხები. ასევე, მიმდინარე დარღვევების თვალსაზრისით. ეს, ბუნებრივია, ეხება ადამიანების უკანონო დაკავებას, ბატონი გახელაძის, ბატონი ბებუასა და ყველა სხვა დაკავების შემთხვევას. ასევე, მსჯელობა შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ დევნას. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ისეთი რეალობა, რომ პანდემიაც კი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პრობლემაა, გამოყენებული იქნა ოკუპაციის ინსტრუმენტად, რამაც ბევრი ლეტალური შემთხვევა მოიტანა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ ის ცალკეულ ჯგუფებს დაბრალდეთ, ცალსახად ამაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.