ლაშა დარსალია -  დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერმა განცხადებამ შესაძლოა, პროცესზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, ამიტომ, ასეთი ქმედებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს
ლაშა დარსალია - დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერმა განცხადებამ შესაძლოა, პროცესზე ნეგატიური გავლენა იქონიოს, ამიტომ, ასეთი ქმედებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს

მოგეხსენებათ სექტემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გარკვეული დამატებითი მასალები იყო გადაცემული ქართული მხარიდან, რომელიც არის აზერბაიჯანის მხარის მიერ შესწავლის პროცესში, შესაბამისად, ჩვენგან მოთხოვნილია, რომ რაც შეიძლება მალე გაიმართოს კომისიების ერთობლივი სხდომა, რომელზეც უკვე უნდა განვიხილოთ შესაბამისი ნაბიჯები მასალები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით ყველა მხარეს, მათ შორის საქართველოს, თავისი მტკიცე პოზიცია აქვს.

მოლოდინი გვაქვს, რომ ეს სხდომა რაც შეიძლება მალე იქნება ჩანიშნული. რაც შეეხება პროცესს, პროცესი საკმაოდ სენსიტიურია, მხარეები ამას უდგებიან დიდი პასუხისმგებლობით და პირველ რიგში, იმ სულიკვეთებით, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთება, ამ სულისკვეთების ფარგლებში ვცდილობთ ვიმუშაოთ. ამასთან, ყველა მხარეს აქვს თავისი მტკიცე პოზიცია. შესაბამისად, ჩვენც  გვაქვს მტკიცე პოზიცია საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთთან დაკავშირებით. პროცესი არის სენსიტიური, ნებისმიერმა განცხადებამ, მასალებთან დაკავშირებით თუ სხვა სახის, შესაძლოა, გაართულოს ქართული მხარის მოლაპარაკების პოზიცია, ასევე იქონიოს გარკვეული პოტენციურად საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე: ახალი მტკიცებულებების ფონზე, როგორ წარდგება ქართული მხარე შემდეგი კომისიის სხდომაზე, რა პოზიცია ექნება მას, დარსალიამ განაცხადა, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს.

„ჩვენს ტაქტიკურ ნაბიჯებზე რა თქმა უნდა, საჯაროდ არ ვისაუბრებ, ამას მეორე მხარეც უსმენს. ამიტომ არარელევანტური იქნებოდა საუბარი, თუ რას ვაპირებთ. ნებისმიერმა განცხადებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს პროცესზე, ამიტომ, სასურველია, ყველამ თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.