ლაშა დარსალია - მხარეები არ დავუშვებთ 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების განმეორებას, ვიმედოვნებთ, ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, შეუფერხებლად მოინახულონ დავით გარეჯის ისტორიული ძეგლი
ლაშა დარსალია - მხარეები არ დავუშვებთ 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების განმეორებას, ვიმედოვნებთ, ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, შეუფერხებლად მოინახულონ დავით გარეჯის ისტორიული ძეგლი

იმედს ვიტოვებთ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

„საქართველოს სამთავრობო კომისია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში.

„უნდა განვასხვავოთ საკითხის ორი კომპონენტი. კერძოდ, პირველი ეხება საზღვრის დელიმიტაციის პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოიცავს შეუთანხმებელ მონაკვეთზე არსებულ ვითარებას. ამასთან, აზერბაიჯანულ პრესაში ბოლო პერიოდში გაჟღერებული გზავნილები იწვევს საქართველოს მხარის გაკვირვებას და წუხილს, ვინაიდან ცალმხრივად ასახავს ადგილზე არსებულ ვითარებას, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კონტექსტში უნდა აღინიშნოს შემდეგი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი (დაახლოებით 1,2 კმ სიგრძის) არ არის დელიმიტირებული და შეთანხმებული მხარეთა შესაბამისი კომისიების მიერ რაც, სამწუხაროდ, არაკეთილმოსურნეების მხრიდან განაპირობებს არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია არის ორმხრივი პროცესი და მის დასრულებამდე და შესაბამის იურიდიულ გაფორმებამდე [ცალმხრივი] საუბარი თუ სად გადის სახელმწიფო საზღვარი დაუშვებელია. ეს ხელს უშლის და ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. აქედან გამომდინარე მიუღებელია ცალკეული მტკიცება, მათ შორის იმის, თითქოს ყოფილის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს 1963 წლის ცალმხრივი დოკუმენტი შესაძლებელია, განხილულ იქნეს საზღვრის დადგენის სამართლებრივ საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დოკუმენტი აზერბაიჯანის ყოფილმა სსრ-ს უმაღლეს საბჭომ თავის დროზე თავადაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, ორმხრივი შეთანხმების არარსებობის პირობებში ხსენებული დოკუმენტი კარგავს იურიდიულ ძალას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, საქართველოს სამთავრობო კომისია დელიმიტაციის საკითხებში მუშაობისას ეყრდნობა მოქმედ იურიდიულ ბაზას.

„ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკა ფართოდ იყენებს გამოცდილებას, როდესაც ორი მეზობელი ქვეყანა ითვალისწინებს ურთიერთდაინტერესებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, მათ შორის, როდესაც საუბარია კულტურულ, ისტორიულ თუ რელიგიურ ფასეულობებზე. ამდენად, იმის მტკიცება, რომ თითქოს საზღვრის დელიმიტაციის დროს რელიგიურ-კულტურული ფაქტორი არ შეიძლება, იქნეს გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მიდგომებს; -დავით გარეჯის კომპლექსს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული დანიშნულება და ფასეულობა, რაც ასევე აუცილებელია, იქნას გათვალისწინებული მხარეთა მიერ მოლაპარაკების დროს. რაც შეეხება ადგილზე განვითარებულ მოვლენებს: – აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული გარემომებებისა და საქართველოს მხრიდან ვიზიტორების დიდი ნაკადის გათვალისწინებით ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების მიერ მიღწეულ იქნა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად მესაზღვრეები არ შეზღუდავდნენ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მრევლისა და ტურისტების გადაადგილებას დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე. მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ხსენებული შეთანხმება არაერთხელ დაირღვა ადგილზე სხვადასხვა სახის პროვოკაციული ქმედებების მიზეზით; – საქართველოს მხარე გმობს მსგავს პროვოკაციებს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენს მაპროვოცირებელი ძალების მიერ ინსპირირებულ ქმედებებს; – სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს მართებს უკიდურესი სიფრთხილე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების დროს; – რაც შეეხება 14 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის აქტიური ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა დაძაბულობის დეესკალაცია და სრული ნეიტრალიზაცია“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა და ფაქტები დეტალურად იქნება შესწავლილი.

„მხარეები არ დავუშვებთ მსგავსი ინციდენტების განმეორებას და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, შეუფერხებლად მოინახულონ ისტორიული ძეგლი. საქართველო დაინტერესებულია საზღვრის სადელიმიტაციო პროცესის დასრულებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.