ლაშა დარსალია - კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, წარმოადგინოს ბრალდების მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატისგან გუშინდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში
ლაშა დარსალია - კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, წარმოადგინოს ბრალდების მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატისგან გუშინდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ უკრაინის დროებით რწმუნებულთან გაიმართა შეხვედრა, რა დროსაც „ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა თითქოსდა საქართველოს მხრიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის შესახებ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე“.

„ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

დარსალიას განმარტებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის ბრალდებებისა და განცხადებების დესტრუქციულ ხასიათს და აღინიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, შეიცავს დიდ რისკს, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით.

„უკრაინელ დიპლომატს მოეწოდა ქართული მხარის შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა დამატებითი განმარტებები, მათ შორის მსგავს თემებზე თბილისის მხრიდან პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის შესახებ. სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას. ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

აქვე, დარსალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.