ლაშა დარსალია გაერო-ს გენმდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა
ლაშა დარსალია გაერო-ს გენმდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა, რომ ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნის შემდეგ, კვლავ უცვლელია მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში და საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის იზოლირებას და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას. ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას.

„საუბრის ერთ-ერთი მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისა და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის გზები. ამ კონტექსტში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. შეშფოთება გამოითქვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების შეჩერების გამო. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა გალის შეხვედრების ფორმატის ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის საჭიროებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.