ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა
ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბოს, ამავე დეპარტამენტის მრჩეველ მარსელ კაპის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსეს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ უკანონო მოვლენებს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის ძალების მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავების, ე.წ. „საზღვრის“ ნიშნის განთავსების და ე.წ. საგუშაგოს განლაგების ფაქტებზე.

ამასთან, ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები შეფასდა როგორც დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯი, რაც ხელს უწყობს ვითარების დესტაბილიზაციას.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და უკანონო დაკავებებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობას.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე. ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ქართულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობას საჭიროებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.