ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებებზე ლტოლვილების დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს
ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებებზე ლტოლვილების დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს

ჟენევის მოლაპარაკებებზე ლტოლვილთა საკითხის განხილვისას, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე ისაუბრა, გალისა და ახალგორის რაიონების მიმართულებით მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდზე ისაუბრეს ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საქმეებზე. ასევე მოითხოვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენა ერგნეთსა და გალში.

„თავისთავად დაყენებული იყო ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთს აღნიშნული საკითხებისადმი ტრადიციულად დესტრუქციული მიდგომა აქვს. მათ მორიგი რაუნდიც დაასრულეს იმით, რომ როცა საქმე შეეხო ლტოლვილების დაბრუნების საკითხის განხილვას, მათ შეხვედრა დატოვეს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.