ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების ყველა წინა რაუნდის მსგავსად, როგორც კი საკითხი ეხება დევნილთა დაბრუნებას, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა პროცესს
ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების ყველა წინა რაუნდის მსგავსად, როგორც კი საკითხი ეხება დევნილთა დაბრუნებას, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა პროცესს

საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტა იყო მოლაპარაკებათა პროცესში. სამწუხაროდ, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, როგორც კი საკითხი ეხება დევნილთა დაბრუნების თემას, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა პროცესს, ამჯერადაც იგივე ვითარება გვქონდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესის დროს საკმაოდ მძიმე ფონი იყო.

„მოლაპარაკებათა ფონი არსებული მდგომარეობის გამო საკმაოდ მძიმე იყო. მოგეხსენებათ, ჟენევის პროცესში მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომლის დარღვევასაც რუსეთი კვლავ აგრძელებს და სამწუხაროდ, არც ერთ პუნქტზე არ არის ჯერჯერობით პროგრესი მიღწეული. თვითონ ფონი იყო საკმაოდ მძიმე იმ ნაბიჯების გამო, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს ადგილზე, როგორც უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით, იგულისხმება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარებიდან გამომდინარე. პროცესი როგორც იცით, ორ ჯგუფში მიმდინარეობს, უსაფრთხოების ჯგუფში და ჰუმანიტარულ ჯგუფში, ჰუმანიტარულ საკითხებიდან ერთ-ერთი მთავარი არის დაკავებების თემა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში დაკავებები და ეგრეთ წოდებული სასამართლოები, ერთ-ერთ მოქალაქეს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ეს თემები იყო მთავარი საკითხი განხილვის. რადგანაც პროცესი კვლავ გრძელდება და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება, დეტალებზე კონცენტრაციისგან თავს შევიკავებ და პირველ რიგში, რასაც ვიტყვი არის ის, რომ რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმებს ეკისრებათ იქ არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მთელი პასუხისმგებლობა, მათ შორის ამ კონკრეტულ საქმეზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.