ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების სხვა რაუნდების მსგავსად, სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა
ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების სხვა რაუნდების მსგავსად, სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, ახლაც, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.

„ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და მოლაპარაკების პროცესი აღარ გაგრძელდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მნიშვნელოვანია, ადრე თუ გვიან ეს გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნების საკითხი იყოს ერთ-ერთი მიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში. დანარჩენ პროცესთან მიმართებაში რეალობა არის ის, რომ უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რჩება რადიკალურად განსხვავებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ამასთან, დარსალიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების საფუძველი უნდა გახდეს.

„სამწუხაროდ, აღნიშნულ მიდგომას ვერ ვხედავთ რუსეთის დელეგაციის მხრიდან“, – დასძინა ლაშა დარსალიამ.

გარდა ამისა, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ მცირე ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებებზე მსჯელობა მიდის ჰუმანიტარულ საკითხებზეც და ამ რაუნდზე გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ პატარა ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებზე. არავის ინტერესში არ არის, რომ ადგილზე რჩებოდეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მძიმე ფონი. რეალურად, ადამიანის უფლებათა საკითხებს რუსეთი იყენებს ზეწოლის მექანიზმად მოლაპარაკებათა პროცესში, თუმცა პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების აქტიური ძლისხმევით, იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეული პროგრესის მიღწევა. ამ მხრივ ველოდებით, რომ თანათავმჯდომარეები მოამზადებენ გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც უკვე შემდეგ რაუნდზე იქნება განხილული. იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას, თუმცა თუ შევაჯამებთ დღევანდელ რაუნდს, როგორც ყველა სხვა წინა რაუნდზე, ამჯერადაც პრაქტიკულად ვერც ერთ საკითხზე წინსვლა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა.