ლაშა დარსალია - ჟენევის დისკუსიებზე პოზიციები განსხვავებულია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ არსებობს ჰუმანიტარული საკითხების გაუმჯობესების კუთხით თუნდაც მცირე ნაბიჯების შესაძლებლობა
ლაშა დარსალია - ჟენევის დისკუსიებზე პოზიციები განსხვავებულია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ არსებობს ჰუმანიტარული საკითხების გაუმჯობესების კუთხით თუნდაც მცირე ნაბიჯების შესაძლებლობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე მხარეთა პოზიციები ძალიან განსხვავებულია, რაც განსაკუთრებით რთულს ხდის მოლაპარაკებათა პროცესს.

„უკვე 54-ე რაუნდია. სამწუხაროდ, ძალიან პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ. 54-ე რაუნდის წინ მოლოდინი კვლავ ისეთია, რომ იქნება მოლაპარაკებების რთული პროცესი. რეალობა, რომელიც გვაქვს, არის ის, რომ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების დაკავშირება ხდება იმ კუთხით, რომ ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ინსტრუმენტად“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს ჰუმანიტარული საკითხების ზედმეტად პოლიტიზება.

„ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების პოზიცია, მიდგომები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება, მათ ჰქონდეთ. სწორედ ამან უნდა შეუწყოს ხელი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების განცალკევებას. როგორც ვთქვი, პოზიციები საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა მაინც მიგვაჩნია და გვაქვს იმედი, რომ არსებობს შესაძლებლობა, თუნდაც მცირე ნაბიჯების გადადგმისა ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების გაუმჯობესების კუთხით.

ჰუმანიტარულ საკითხებში მთავარი თემა არის დაკავებები. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა გრძელდება, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე კვლავ დაკავებულია. მნიშნელოვანია ასევე უკანონო ბორდერიზაციის თემა, ადგილზე არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა – იქნება ეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა თუ თავისუფალი გადაადგილების თემა და სხვა. ჩვენ გვინდა დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა არის პრობლემა, არამედ იმაზე, თუ როგორ გადაიჭრას ეს პრობლემები. ეს იქნება მთავარი თემა და გვაქვს სურვილი და მოლოდინიც, რომ როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების მხრიდან მიდგომა სწორედ საკითხების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია. შეხვედრებს ასევე ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.