ლაშა დარსალია - დღეს იქნება თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს პარტნიორების პოზიციას და სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთზე
ლაშა დარსალია - დღეს იქნება თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს პარტნიორების პოზიციას და სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის მთავარი თემები იქნება 6-პუნქტიანი გეგმა და მისი მთავარი საკითხები, როგორებიცაა საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან და დევნილთა დაბრუნება.

დარსალიას თქმით, საქართველოს აქვს მხარდაჭერა მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

„ფონი კიდევ უფრო დამძიმებულია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გრძელდება დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები. ამ ფონზე იმართება ეს რაუნდი. რის გარშემოცაა შექმნილი ჟენევის ფორმატი, ეს იქნება მთავარი თემები. ესაა 6-პუნქტიანი შეთავაზება და მისი მთავარი საკითხები – საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან და დევნილთა დაბრუნება. როგორც წესი, როგორც კი დევნილების თემა დადგება, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის შლის რაუნდს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. ამაში განსაკუთრებული როლი უკავია ჩვენი პარტნიორების პოზიციას, რასაც ცალკე მინდა ხაზი გავუსვა. მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს თავისი პარტნიორების მხრიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ჟენევაში სულ მზარდია, სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ძალიან დიდია რაოდენობა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისა, რუსეთი პერიოდულად აკავებს ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს და იყენებს ხოლმე ამას, როგორც ზეწოლის მექანიზმს, შემდეგ კი რამდენიმე მათგანის გათავისუფლება უნდა წარმოაჩინოს, როგორც პოზიტივი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ცალსახად არის პროვოკაციული ნაბიჯი და, ზოგადად, პროვოკაციული პოლიტიკა“, – განუცხადა ლაშა დარსალიამ ჟენევაში ჟურნალისტებს.