ლაშა დარსალია - ქართული მხარის პოზიციაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისია არ დაასრულებს მუშაობას
ლაშა დარსალია - ქართული მხარის პოზიციაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისია არ დაასრულებს მუშაობას

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრის ერთი მესამედი არის შესათანხმებელი.

„საზღვრის ორი მესამედი არის შეთანხმებული 1996 წლიდან, ერთი მესამედი კი არის შესათანხმებელი. რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის. საექსპერტო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას უშუალოდ ადგილზე. შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩავლენ ადგილზე, კიდევ ერთხელ ჩაატარებენ საველე სამუშაოებს, რომლის შემდეგაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება და გააგრძელებს მუშაობას საერთო პოზიციების შეჯერებაზე“, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისია არ დაასრულებს მუშაობას.

„საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მოვითხოვეთ განმარტებები სამონასტრო კომპლექსის მახლობლად სხვადასხვა საკითხთან თუ სამუშაოსთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის ზოლის გასწვრივ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა ნაბიჯების გადადგმა, არ უნდა ხდებოდეს სანამ დელიმიტაციის კომისია არ დაასრულებს მუშაობას. ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანულ მხარესთან”, – აღნიშნა დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, კომისიების მორიგი სხდომა თბილისში ერთი თვის ვადაში ჩატარდება.