ლაშა დარსალია - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები
ლაშა დარსალია - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროცესი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს, არის არა ერთმანეთისგან განყენებული, არამედ ერთიანი პროცესის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია, განხორციელდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.

„ხდება ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება და ისეთი საკითხებიც კი, როგორიც არის ადამიანის უფლებები, აღნიშნული საკითხების დაკავშირება ხდება პოლიტიკური სტატუსის საკითხებთან. ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ადგილზე. რა თქმა უნდა, ჩვენი უახლოესი, მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოხდეს საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდება. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის ამ ნაბიჯებს მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები – გარდაიცვალა მარტიაშვილი, ასევე გიგაურს არ ეძლევა შესაძლებლობა, გადმოვიდეს სრულყოფილი მკურნალობისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმებს. რაც შეეხება გრძელვადიან ამოცანებს, ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამ ეტაპზე არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველო მუშაობს თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.

„ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია. რაც შეეხება იმ ქმედებებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს ჟენევის თანათავმჯდომარეები, თუ ასევე პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნები, რათა განხორციელდეს ზეწოლა რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებზე, შედგეს ეს პრაქტიკა, როცა ჰუმანიტარული საკითხებისა და ადამიანის უფლებათა საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური ამოცანებისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.