ლაშა დარსალია - არა მხოლოდ ქართული ეთნიკური ჯგუფი, არამედ ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია
ლაშა დარსალია - არა მხოლოდ ქართული ეთნიკური ჯგუფი, არამედ ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია

ოკუპირებული ცხინვალის ციხეებში პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ეხმიანება.

მისი თქმით, ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დამცველ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიეწოდება ინფორმაცია.

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მდგომარეობაა ჰუმანიტარული თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას აღვნუსხავთ და ვაყენებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში, მიუხედავად იმისა, რომელი ეთნიკური ჯგუფის მიმართაა ეს ჩადენილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ქართული ეთნიკური ჯგუფი, არამედ ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია. ამასთანავე, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველა ასეთ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან და ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაყენებული იქნება საქმის კურსში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოკუპირებულ ცხინვალში პატიმართა ცემისა და სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ უკვე არიან ინფორმირებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები.