ლაშა დარსალია – ადრე თუ გვიან, ოკუპაცია დასრულდება, ადამიანებს შორის ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პასუხობენ.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია განმარტავს, რომ ოკუპირებული რეგიონის დე ფატქო ლიდერებთან რაიმე დიალოგზე ლაპარაკი არც არის და ვერც იქნება.
„მრავალი ფორმატი აქამდეც არსებობდა და იმედია, მომავალშიც იარსებებს, სადაც აფხაზური ან ცხინვალის რეგიონიდან საზოგადოებებთან დიალოგი გაგრძელდება. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება დიალოგი ნებისმიერ ჯგუფთან, რომელიც იქნება დაინტერესებული, ვგულისხმობ საზოგადოებების წარმომადგენლებს. რაიმე ე.წ. ოფიციალურ ურთიერთობებზე არ არის ლაპარაკი და ვერც იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ პირველ არხთან საუბრისას.
რაც შეეხება საზოგადოებრივ დიალოგსა და შერიგების საკითხებს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენის მცდელობები არც აქამდე შეწყვეტილა. დარსალია განმარტავს, რომ საქართველოს სამშვიდობო სტრატეგიაც სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.
„მრავალი ინიციატივა იყო წარმოდგენილი, რომლის მთავარი მიზანიც არის, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ის კონტაქტები, რომელიც საზოგადოებების დონეზე არსებობს. ახლახან მიღებული ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამაზეა ორიენტირებული, რომ ურთიერთობები საზოგადოებების დონეზე აღდგეს, გაძლიერდეს და კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ სერვისები, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობისთვის. ადრე თუ გვიან, ოკუპაცია დასრულდება და ადამიანებს შორის ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განმარტა ლაშა დარსალიამ.