ლაშა დარსალია აცხადებს, რომ გახელაძესა და ბებუასთან დაკავშირებით, ჟენევაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს
ლაშა დარსალია აცხადებს, რომ გახელაძესა და ბებუასთან დაკავშირებით, ჟენევაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

დღევანდელი მოლაპარაკებების შემდგომ არის მოლოდინი, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე.

„განხილვისას, როდესაც დაკავებების საკითხს ვეხებით, გახელაძისა და ბებუას თემები არის მთავარი თემა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდგომ. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან. სუფთა ჰუმანიტარულ ჭრილში გარკვეული პროგრესის მიღწევა. სამწუხაროდ, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჰუმანიტარულ ჭრილში ამ საკითხების გადაჭრა იქნება შესაძლებელი. ჰუმანიტარულ ჭრილში ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც სუფთა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ხდება, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ შემთხვევებს, თუმცა დღევანდელი მოლაპარაკების შემდგომ, არის მოლოდინი, რომ მოხერხდება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკური პოლიტიკურისგან. ყველა პროცესზე ჰუმანიტარულსა თუ პოლიტიკურზე, პასუხიმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. რუსეთი ჰუმანიტარულ საკითხებს ზეწოლის მიზნით იყენებს. ეს ეხება გადასასვლელების გახსნასაც და თავისუფალ გადაადგილებას. სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ადგილზე, რაც შესაბამისად აისახება საერთაშორისო სამართლებრივ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩვენთვის ამ საკითხების გადასაჭრელად მთავარი ინსტრუმენტია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.