ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი მწვავე საკითხებით იქნება დატვირთული
ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი მწვავე საკითხებით იქნება დატვირთული

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდამდე ერთი დღით ადრე გაერო-ს შენობაში ტექნიკური ხასიათის შეხვედრები იმართება და საკითხები თანხმდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ ჟუნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხთა ჩამონათვალი ამ რაუნდისთვისაც საკმაოდ მწვავეა.

„ჟენევაში მთავარი თემის – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარდა, იქნება ის მოვლენებიც, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის, დაკავების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომელთა გამოც მნიშვნელოვნად დაძაბული ფონია შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, რა კონკრეტული შედეგით შეიძლება, დასრულდეს მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნით ადრე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა, დარსალია აცხადებს, რომ ეს უკეთ რაუნდის დასრულების შემდგომ გამოჩნდება.

მისივე თქმით, გამოჩნდება, შეიცვლება თუ არა რაიმე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის ჩართვით. როგორც ცნობილია, ფორმატის შექმნის დღიდან ამ დრომდე რუსეთის სახელით ჟენევის მოლაპარაკებებში გრიგორი კარასინი იყო ჩართული, რომლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჟენევაში პირველად ჩავა სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო.

,,წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ვნახოთ, ახალი ხელმძღვანელი ალბათ ახალ დინამიკას შემოიტანს, ამაზე უფრო ადვილი შეხვედრის შემდგომ იქნება საუბარი. დღის წესრიგში საკმოდ რთული საკითხები დგას. რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შესაძლოა, არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.