ლაშა დამენია - არ შეიძლება ნებისმიერი სახით, ყველაფერზე დათანხმება, თუმცა ვადასტურებთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკება
ლაშა დამენია - არ შეიძლება ნებისმიერი სახით, ყველაფერზე დათანხმება, თუმცა ვადასტურებთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, საქართველოს აუცილებლად სჭირდება მოლაპარაკებები, რათა დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზას დაადგეს.

„ყველანაირ ღონეს ხმარობენ ელჩები, თუ შარლ მიშელის წარმომადგენელი თავიანთი მედიაციით, რომ მოლაპარაკებები შედგეს. აუცილებელია, გავიმეოროთ, რომ საქართველოს ოპოზიცია დგას იმ პოზიციაზე, რომელიც ნიშნავს მხოლოდ ერთადერთს – გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, შეწყდეს პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები და ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც საქართველოში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. არ შეიძლება ყველაფერზე დათანხმება, ნებისმიერი სახით, თუმცა ვადასტურებთ, რომ აუცილებელია მოლაპარაკება. ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ მხრივ არის სწორედ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები“, – განაცხადა დამენიამ.

ლაშა დამენიას თქმით, მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება და ოპოზიცია ამისთვის მზად არის.

„პარლამენტში არშესვლა არ არის ქართული ოპოზიციის თვითმიზანი, ქართული ოპოზიციის მიზანი არის ის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ვინაიდან საქართველოში არსებული კრიზისი არის მხოლოდ და მხოლოდ დამსახურება იმ გაუგონარი საარჩევნო კამპანიის, რომელშიც ტოტალურად გაყალბდა არჩევნები. რაიმე სახის შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის, ეს დამოკიდებულია მედიატორზე. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, დასრულდეს ისე, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის იქნება საჭირო“, – აღნიშნა ლაშა დამენიამ.