ლაშა დამენია - მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიმართ, რომლებმაც პარტია აქამდე მოიყვანეს
ლაშა დამენია - მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიმართ, რომლებმაც პარტია აქამდე მოიყვანეს

მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა რჩებიან ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ ერთად განვაგრძობთ ბრძოლას „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ევროპულის საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

დამენიას თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა პარტია გაძლიერებულიყო.

„ეს არის მოვლენები და სტრატეგიული ხედვა, ამ ლიდერებს სხვადასხვა ხედვა აღმოაჩნდათ. არაფერი სასწაული არ მომხდარა, რაც ვთქვათ არასდროს მომხდარა საქართველოში და რომელიმე პარტიაში. სწორედ ეგ არის იმის მიზეზი, რომ, რა თქმა უნდა, ტოვებენ, თუმცა აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანები რჩებიან ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ ერთად განვაგრძობთ ბრძოლას „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოვაშოროთ ეს შემაფერხებელი გარემოება განვითარებისა და სულ სხვა გზაზე წავიდეთ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ ლიდერების მიმართ, რომლებმაც პარტია მოიყვანეს აქამდე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა პარტია გაძლიერებულიყო. ახლა ამ განსხვავებების გამო ჩვეულებრივი მოვლენაა, ვიღაც მიდის, ვიღაც რჩება. მთავარია, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს და პარტია აგრძელებს ბრძოლას“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

დავით ბაქრაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე და ამასთან, ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას.

„ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამაც, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.