ლაშა ჩხიკვაძე - მაიკლ გალერის განცხადება პირდაპირი ჩარევაა სასამართლო საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, საკუთარ ქვეყანაში ასეთ კომენტარს ვერ გაბედავს
ლაშა ჩხიკვაძე - მაიკლ გალერის განცხადება პირდაპირი ჩარევაა სასამართლო საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, საკუთარ ქვეყანაში ასეთ კომენტარს ვერ გაბედავს

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებასთან დაკავშირებით.

საუბარია ევროპარლამენტარის იმ განცხადებაზე, სადაც გალერი ამბობს: „ჩვენ ვიმედოვნებთ, სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და მომავალი კვირის სამშაბათს გაამართლებს გვარამიას, რათა გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ძლიერი ხმა“.

როგორც ლაშა ჩხიკვაძემ პირველ არხთან აღნიშნა, ასეთი ტიპის ჩარევა წარმოადგენს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას.

„ჩემი შეფასებით, გალერის განცხადება თავისი შინაარსით იმდენად პირდაპირი ჩარევაა სასამართლო საქმიანობაში, რომ ეს არ ეხება მარტო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უნდა განიხილონ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე. ამასთანავე, მეხება მეც, ვინაიდან საუბარია სწორედ ჩემს განაჩენზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე და ის მოინათლა როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამორჩეული მაგალითი. ამ შეცდომის გამოსწორებას პირდაპირ ავალებს ბატონი გალერი, რამდენად აქვს ამის უფლება, ეს მეორე საკითხია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, გამოასწოროს აღნიშნული შეცდომა. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლო არც ერთი ფორმით არ არის შეზღუდული გადაწყვეტილებაში, იგი გამამართლებელ ვერდიქტს მიიღებს თუ გამამტყუნებელს, თუმცა ვფიქრობ, ასეთი ტიპის ჩარევა ელემენტარულად წარმოადგენს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, გადაწყვეტილება შეცვალოს კატეგორიულად სასამართლომ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ეს არ ვიცი, რამდენად მიღებული ფორმაა ევროპაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონი გალერი საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მოსამართლეების მიმართ შესაძლო გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი ტიპის კომენტარს არათუ დაწერს, არამედ ვერ გაბედავს. ჩემი შეფასება ასეთია“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. ის აცხადებს, რომ „ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, 19 ივლისს, როდესაც გვარამიას საქმეზე სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები“.