ლაშა ბაქრაძე - მუზეუმში დარჩენილი ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარგულებაში
ლაშა ბაქრაძე - მუზეუმში დარჩენილი ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარგულებაში

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მუზეუმში დარჩენილი ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნები უკვე გადასცეს სამინისტროს განკარგულებაში.

​„ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია.

ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.

მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარგულებაში.

ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. (სამწუხაროდ, შეცდომები მეტია – არა მხოლოდ ეს ორი ლექსი).

ასეთი შეცდომები არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო – ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია“, – აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. სამინისტრომ მოითხოვა მუზეუმისგან, შეწყვეტილიყო აღნიშნული გამოცემის გავრცელება.

დატოვე კომენტარი