ლაშა აბაშიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი რეგიონში სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის, საქართველოს რკინიგზა კი იქნება ექსკლუზიური ოპერატორი, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და შუა დერეფანში საქართველოს როლს გაზრდის.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას მოიცავს: რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ-ს და აშენდა 27 კმ სიგრძის ახალი, ევროპული სტანდარტების სარკინიგზო ხაზი.
აღსანიშნავია, რომ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში ოპერირების მიუხედავად, ტვირთების მზარდ ტრენდს ინარჩუნებდა. არსებუილი პროგნოზით, მისი სრულად ამოქმედების შემდეგ ტვირთების გადაზიდვა 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. საქართველოს რკინიგზა აღნიშნულ მონაკვეთზე ექსკლუზიური ოპერატორი იქნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.