ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, დაშავდა შვიდი ადამიანი
ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, დაშავდა შვიდი ადამიანი

ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, შვიდმა ადამიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

როგორც ცნობილია, მანქანა კოლორადოში იქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შესასვლელთან იყო გაჩერებული, რა დროსაც მას ბოლი აუვიდა და აფეთქდა.

პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, იყო თუ არა ეს ინციდენტი მიმართული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ან Tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის წინააღმდეგ. ამასთან, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ აფეთქებასა და ნიუ ორლეანში თავდასხმას შორის, რომლის დროსაც ავტომობილი ხალხში შევარდა.

მედიის ცნობით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევისას გამოყენებული ავტომობილები დაქირავებულია მანქანების გაქირავების ერთი და იგივე სერვისისგან. გამოძიების ფედერალურ ბიუროში კი აცხადებენ, რომ მუშაობენ იმის გასარკვევად, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

შეგახსენებთ, ნიუ ორლეანში მომხდარს 15 ადამიანი ემსხვერპლა.