ლარს ლოკე რასმუსენი - საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევია
ლარს ლოკე რასმუსენი - საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებისთან, როგორც არასდროს.

„ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენსავე ინტერესებშია. საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევია. მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველას დაგვანახა, რომ მშვიდობა და თავისუფლება მყიფეა და დაცული უნდა იყოს. მან აჩვენა, რომ ჩვენ, ვისაც გვჯერა ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უფლებების, უნდა ვიყოთ უფრო განუყრელი, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა რასმუსენმა.

თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის წევრებისა და ბიზნესდელეგაციების საქართველოში ვიზიტისა და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე.

„დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება კარგად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დინამიკას, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და მიაღწია თავის ყველაზე აქტიურ ფაზას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეზიდენტი საელჩო კიდევ უფრო გააძლიერებს დანიის კვალს რეგიონში და ჩვენს თანამშრომლობას არსებითად ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტ დანიას საქართველოში მისი წარმოუდგენელი ღირებულებების, საუკეთესო პრაქტიკისა და მდიდარი კულტურის მეშვეობით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საელჩოს გახსნის ცერემონიაზე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის განახლებული პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

„მსურს, მივესალმო დანიის პარლამენტის წევრებსა და ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს. მათი ვიზიტი საქართველოში ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იმედი მაქვს, განახლებული პირდაპირი ფრენები კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.