ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში, 20 პროცენტიანი თანამონაწილეობის პირობებში, ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ
ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში, 20 პროცენტიანი თანამონაწილეობის პირობებში, ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ

საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს, ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაცია განმარტავს, რა იცვლება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასებისას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 24 დეკემბრის N281/04 ბრძანებით ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ნებადართულია ფიზიკური პირის შემოსავლის შესწავლა ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების მიხედვით.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში მიღებული რეგულაციის ამოქმედებიდან პირველი თვეების განმავლობაში საბანკო სისტემა ფოკუსირებული იყო რეგულაციების სისტემურად სწორ ასახვაზე, მომხმარებლებამდე ზიანის გარეშე მიტანასა და ბაზრის ქცევის დაკვირვებაზე. ამ პროცესის გავლის შემდეგ საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე, განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებლებს“, – აცხადებს ასოციაცია.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს საბანკო ასოციაციის, წევრი საბანკო დაწესებულებების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისთვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ.

„კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში, სულ მცირე, 20 პროცენტიანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ“, – განმარტავს ასოციაცია და აცხადებს, რომ აღნიშნული პროდუქტების დანერგვა ხელს შეუწყობს იპოთეკური პროდუქტების დივერსიფიკაციას, მათ შორის იპოთეკური სესხების გაცემას მშენებარე პროექტებისთვის.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დაგროვილი გამოცდილება იძლევა საშუალებას, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმებისას მეტი თავისუფლება მიეცეთ.