„ლაქტალისის“ წარმომადგენლები - ქართულ ბაზარზე არსებულ „სელიას“ რძის ფხვნილში ბაქტერია არ აღმოჩნდა
„ლაქტალისის“ წარმომადგენლები - ქართულ ბაზარზე არსებულ „სელიას“ რძის ფხვნილში ბაქტერია არ აღმოჩნდა

ლაქტალისის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება სელიაში, რომლიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დასტურდება – ამის შესახებ კომპანიის ქართული წარმომადგენლობის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აღებული იყო საერთო სინჯები, სადაც ბაქტერიული დაბინძურება არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად კომპანია აჩერებს რეალიზებას და აგრძელებს კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე გრძელდება პროდუქციის ბაზრიდან ამოღება.

მათი განმარტებით, როდესაც საფრანგეთში წარმოება აღდგება, ისინიც განაახლებენ იმპორტს და დაახლოებით სამ თვეში, ქართულ ბაზარზე უკვე ახლად წარმოებული, „სელიას“ პროდუქციის რეალიზაცია განახლდება.

ქართულ ბაზარზე ამ მომენტისთვის შეწყვეტილია „ლაქტალისის“ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტის რეალიზაცია, რომელიც 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგაა გამოშვებული. საუბარია ბრენდ სელიაზე, რადგან საქართველოში „ლაქტალისის“ მხოლოდ ამ ბრენდის საკვები შემოდის. რეალიზაციის შეჩერებისა და ბაზრიდან პროდუქტის ამოღების გადაწყვეტილება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიიღო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვთა კვების ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის ბავშვთა საკვები შესაძლოა, სალმონელას ბაქტერიას შეიცავდეს, 12 დეკემბერს გავრცელდა.

მსოფლიო მედიაში გამოქვეყნდა ცნობები იმის შესახებ, რომ საფრანგეთში მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბერში „სალმონელა აგონათი“ ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევის შედეგად, ეჭვი მიიტანეს სწორედ „ლაქტალისის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების, სხვადასხვა დასახელების პროდუქტებზე. მართალია, არც ერთი ამ დასახელების პროდუქტის იმპორტი საქართველოში არ ხდება, თუმცა პრევენციის მიზნით გამოთხოვილი სურსათის ჩამონათვალში აღმოჩნდა ბრენდ“ სელიას“ რამოდენიმე პარტიაც და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, პროდუქციის რეალიზაცია მაშინვე შეჩერდა.