ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საქმეზე ნუგზარ ცინცაძე გამოკითხეს
ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საქმეზე ნუგზარ ცინცაძე გამოკითხეს

ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საქმეზე ლანჩხუთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ბათუმში, პროკურატურაში გამოკითხეს.

ცინცაძე ამბობს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მედიასთან დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდე. მედიასაშუალებით ბევრი ტყუილი გავრცელდა, თუმცა ეტაპობრივად კიდევ ბევრი რაღაც გახდება ცნობილი. ნათელია, რომ ქეთევან ნაკაშიძის მიერ მოხდა პირადობების გაცემა, ეს მოვახსენე გამოძიებას. რაც შეეხება პიროვნებას, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ჯერ ვერ დავასახელებ და გამოძიებას დაველოდოთ. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან ამ ეტაპზე ასეა საჭიროა”, – განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 6 დეკემბერს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები კახა ასკურავას სიცრუეში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც რესპონდენტები ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იმ სარდაფში, სადაც პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს, არ ყოფილა და არც გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები უპოვია.

„იმედის“ ინფორმაციით, სარდაფის მოპირდაპირე შენობაში მდებარეობს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქცია, რომელიც ნეკროლოგებს ბეჭდავს და ამისთვის გარდაცვლილთა პირადობის მოწმობებს ითხოვს. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გაზეთის რედაქტორსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება შედგა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები სარდაფში. „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს მოწმობები 2 დეკემბერს მიტინგზე წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ხელისუფლება გურიაში ამ გზით აყალბებდა არჩევნებს.