ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საქმეზე გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი გამოკითხეს
ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საქმეზე გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი გამოკითხეს

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ნაკაშიძის გამოკითხვა დასრულდა.

პროკურატურა მას გუშინ, ტელეკომპანია „იმედზე“ ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. სიუჟეტში ერთ- ერთი რესპონდენტი, ქეთევან ვაშაკიძეს რედაქციაში წლების განმავლობაში ნეკროლოგისთვის დასაბეჭდად მიტანილი პირადობის მოწმობების ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

რედაქტორი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ პირადობის მოწმობები სხვა პიროვნებამ იპოვა და მაღაზიის თანამშრომელს მარეხ ორაგველიძეს გადასცა, რომელიც ამჟამად გამოძების კითხვებს პასუხობს.

გაზეთის რედაქტორი ქეთევან ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია.

„დამისვეს კითხვები და ვუპასუხე. ჩემთვის გაუგებარია პირადობის მოწმობების წარმომავლობა და ის, თუ რატომ იქნა ჩემი სახელი ნახსენები აღნიშნულ საქმეში. მე გამოძიებასთან თანამშრომლობას ვაპირებ და სიმართლის დადგენის იმედი მაქვს“, – აცხადებს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი, ქეთევან ვაშაკიძე.

გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები კახა ასკურავას სიცრუეში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც რესპონდენტები ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იმ სარდაფში, სადაც პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს, არ ყოფილა და არც გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები უპოვია.

„იმედის“ ინფორმაციით, სარდაფის მოპირდაპირე შენობაში მდებარეობს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქცია, რომელიც ნეკროლოგებს ბეჭდავს და ამისთვის გარდაცვლილთა პირადობის მოწმობებს ითხოვს. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გაზეთის რედაქტორსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება შედგა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები სარდაფში. „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს მოწმობები 2 დეკემბერს მიტინგზე წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ხელისუფლება გურიაში ამ გზით აყალბებდა არჩევნებს.