ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საკითხზე ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება 
ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საკითხზე ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება 

ლანჩხუთში აღმოჩენილი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელი  ნუგზარ ცინცაძე ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ცინცაძე ამბობს, რომ გამოძიებას მიაწვდის სრულ ინფორმაციას, როგორ აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელში პირადობის მოწმობები.

მისი განცხადებით, გარდაცვლილი ადამიანების საბუთები ერთ-ერთ რედაქციაში ნეკროლოგების გამო გროვდებოდა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხდა მოწმობების გატანა.

„ნაციონალური მოძრაობა“​ ასკურავასა და ვაშაძის თამადობით ავრცელებს ტყუილს, ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მეგობარმა მითხრა, რომ გაზეთ „ლანჩხუთი პლიუსის“ რედაქტორმა ქეთევან ნაკაშიძემ მიაწოდა დაახლოებული პირის საშუალებით კახა ასკურავას შავი პიარისთვის, ეს პირადობები რედაქციაში ნეკროლოგებისთვის წლების განმავლობაში გროვდებოდა. მე წყაროსაც დავასახელებ, ვინც ინფორმაცია მომაწოდა. ის ყველა რედაქციასთან დაახლოებული პირია”, – განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 6 დეკემბერს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები კახა ასკურავას სიცრუეში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც რესპონდენტები ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იმ სარდაფში, სადაც პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს, არ ყოფილა და არც გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები უპოვია.

„იმედის“ ინფორმაციით, სარდაფის მოპირდაპირე შენობაში მდებარეობს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქცია, რომელიც ნეკროლოგებს ბეჭდავს და ამისთვის გარდაცვლილთა პირადობის მოწმობებს ითხოვს. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გაზეთის რედაქტორსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება შედგა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები სარდაფში. „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს მოწმობები 2 დეკემბერს მიტინგზე წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ხელისუფლება გურიაში ამ გზით აყალბებდა არჩევნებს.