ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქარმა ხეები წააქცია ჩოხატაურშიც, რის გამოც მთავარ ქუჩებზე შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა
ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქარმა ხეები წააქცია ჩოხატაურშიც, რის გამოც მთავარ ქუჩებზე შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა

ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. სოფელ ჩიბათში დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაზიანებულია საახალწლო განათებები.

„შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: გრიგოლეთს, ნიგვზიანს, ჯურუყვეთს, ლესას, ჩიბათსა და აკეთს. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მობილიზებულია ყველა სამსახური. კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სახის სალიკვიდაციო ღონისძიებები ტარდება“, – აცხადებენ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში.

ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. ძლიერმა ქარმა წააქცია საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეც.

ამასთან, ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში დააზიანა გზებთან ახლოს დადგმული ფანჩატურები და დამხმარე ნაგებობები. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

„მთავარ ქუჩებზე ხეები წაიქცა და მოძრაობა ჩაკეტა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. დამხმარე ნაგებობებზე დაზიანდა სახურავები, რასაც მერია დღესვე აღადგენს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.