„ლანჩხუთმა“ წააგო და ევროსეზონი დაასრულა
„ლანჩხუთმა“ წააგო და ევროსეზონი დაასრულა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში „როსენგარდს“ შვედეთში ესტუმრა და კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონი პირველ მატჩში 0:7 დამარცხდა. ამჯერადაც შვედების უპირატესობა საგრძნობი იყო. მალმიოში გამართულ შეხვედრაში „როსენგარდი“ 32-ე წუთისთვის უკვე 5:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში კიდევ 5 გოლი გაიტანა და საბოლოოდ, შვედეთის ჩემპიონმა 10:0 გაიმარჯვა.

გამორჩეული თამაში ჩაატრა ცანკოციჩმა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, დუბლი კი ანვეგაარდისა და ტროელსგაარდის ანგარიშზეა. ამრიგად, შვედები 1/8-ფინალში გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებენ, „ლანჩხუთისთვის“ კი ევროსეზონი დასრულდა.

წაგების მიუხედავად, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთმა“ ისტორია უკვე დაწერა – ეს პირველი ქართული ქალთა გუნდია, რომელმაც ევროტურნირზე მოიგო, ორი ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის დამკვიდრდა.

 

როსენგარდი“ – „ლანჩხუთი“ 10:0

გოლები: 1:0 ტროელსგაარდი (6), 2:0 ცანკოციჩი (14), 3:0 ანვეგაარდი (17), 4:0 კანერდი (30), 5:0 ბენისონი (32), 6:0 სეგენი (49), 7:0 ცანკოვიჩი (56), 8:0 ტროელსგაარდი S. (57), 9:0 ცანკოვიჩი (58), 10:0 ანვეგაარდი (68)

„ლანჩხუთი“: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, მ. კალანდაძე, გუჯაბიძე, თოდაძე, მ. დანელია (82. ნარსია) ს. გასვიანი (46. დიმოპოლუ), ხაბურძანია, წოწერია, კ. ჭყონია

მწვრთნელი: გ. ჩხაიძე