ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ქართული ქალთა გუნდები ემზადებიან და საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო სიახლეებიცაა.
გასული წლის ერთ-ერთმა გამონათებამ, ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ორი კარგი ტრანსფერი განახორციელა – „ლანჩხუთს“ აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი ქრისტინა ბაკარანძე შეუერთდა. ის 22 წლის თავდამსხმელია, აზერბაიჯანის სახელით კი 2013 წლიდან გამოდის. მისი ბოლო კლუბი თურქული „აკარიგუჯუ“ იყო.
გუნდის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ „ლანჩხუთს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თეონა ბაქრაძეც შეუერთდა – 24 წლის ნახევარმცველი, რომელიც „ჯვაროსნების“ ფორმით 2017 წლიდან თამაშობს. ბაქრაძეც ბაკარანძეს თანაგუნდელი იყო და 2018 წელს თურქეთში „აკარიგუჯუში“ თამაშობდა, ხოლო ბოლო ორი სეზონი თბილისის „ნიკეში“ გამოდიოდა.
გასულ სეზონში „ლანჩხუთი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. გუნდი პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშა. 2020 წლის დაჯილდოებაზე, გუნდის წევრებმა რამდენიმე პრიზი დაიმსახურეს – საუკეთესო მწვრთნელის, წლის ფეხბურთელის, წლის საუკეთესო ქართული გოლის, წლის ბომბარდირის და სპეციალური ჯილდო ფეხბურთის განვითარებისთვის.