„ლანჩხუთმა“ „ნიკე“ დაამარცხა - ქალთა ლიგის გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა [ვიდეო]
ქალთა საფეხბურთო ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა – ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, „ლანჩხუთი“ და თბილისის „ნიკე“ დაუპირისპირდნენ და ამ მატჩის შედეგმა სატურნირო ცხრილში ვითარება შეცვალა.
16 ტურის შემდეგ, გათამაშებას დაკარგული ქულების გარეშე თბილისის „ნიკე“ ლიდერობდა. „ლანჩხუთს“ მხოლოდ სამი ქულით ნაკლები ჰქონდა. გათამაშების ცენტრალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში „ნიკე“ ერთი ტურით ადრე, ქვეყნის ჩემპიონობას გაინაღდებდა. „ლანჩხუთი“ კი, ორბურთიანი სხვაობით თუ მოიგებდა, „ნიკეს“ ქულებით გაუთანაბრდებოდა და მიმდინარე ქალთა ლიგის გამარჯვებულიც, მხოლოდ ბოლო, მე-18 ტურში გაირკვეოდა.
შეხვედრა ლანჩხუთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, დაწინაურების რეალური შანსი პირველად თბილისელებს ჰქონდათ. მეექვსე წუთზე ლიზი მწყერაშვილის წაქცევისთვის ლანჩხუთელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა და მიზანს ააცილა.
26-ე წუთზე ლანჩხუთელებმა გახსნეს: თამრიკო სალუქვაძემ კარის წინ ხატია ჭყონიამ დატოვა, რომელმაც მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:0. მასპინძლებმა 43-ე წუთზე „ნიკეს“ კარი მეორედ აიღეს: ირინა ხაბურძანიას ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი ხატია ჭყონიამ დუბლი შეასრულა – 2:0. ეს ანგარიში „ლანჩხუთს“ აწყობდა და გულშემატკივრებისგან შეგულიანებულებმა 49-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმართა კარი მესამედაც აიღეს: გოლი მარიამ კალანდაძეს ანგარიშზეა – 3:0.
სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს – მე-60 წუთზე მასპინძლებს ლიზი მწყერაშვილმა გაუტანა და „ლანჩხუთმა“ 3:1 გაიმარჯვა. 17 ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 48-48 ქულა დააგროვა, მაგრამ პირველი წრის მატჩი „ნიკემ“ 1:0 მოიგო, ახლა კი 1:3 წააგო და ურთიერთ-შეხვედრებით პირველზე „ლანჩხუთი“ დაწინაურდა – საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული კი ბოლო ტურში გაირკვევა.