„ლანჩხუთმა“ კონკურენტი დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა | ქალთა ლიგა #1TVSPORT
„ლანჩხუთმა“ კონკურენტი დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა | ქალთა ლიგა #1TVSPORT

ქალთა ლიგაში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტური სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთი ცენტრში, „ნიკესა“ და „ბათუმის“ დაპირისპირებით დაიწყო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“ დიდ უპირატესობას ფლობდა და შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 10:1 დასრულდა. მიმდინარე გათამაშებაში „ნიკემ“ ორნიშნა ანგარიშის დაფიქსირება პირველმა მოახერხა, ხოლო თბილისელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, ჯოშგუნა ალიევამ – მიმდინარე ჩემპიონატში ექვსი გოლის გატანა. თბილისელთაგან დანარჩენი გოლები მაიკო ბებიამ, ანია პოღოსიანმა, ტატა მატვეევამ და ლიზი მწყერაშვილმა გაიტანეს. ბათუმელთაგან, პრესტიჟის გოლი, 52-ე წუთზე ნინი ბერიძემ გაიტანა. 

„გორი იუნაიტედმა“ ხობის „კოლხეთი“ მიიღო და ქულის მოპოვება ამჯერადაც ვერ მოახერხა, თუმცა, ანგარიში გახსნეს – საჯარიმო დარტყმა ეთერ სულაშვილმა ზუსტად შეასრულა. 75-ე წუთზე ხობელებმა ანგარიში ანა წულაიას პენალტით გაათანაბრეს, 87-ე წუთზე კი მარიამ შონიას გოლით 1:2 გაიმარჯვეს.

ქუთაისში „მართვესა“ და „ნორჩ დინამოს“ შეხვედრაც საინტერესო გამოდგა. იმერლებს მხოლოდ ქულა ჰქონდათ და თბილისურ კლუბთანაც წააგეს – 0:6. მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ჰეთ-თრიკი ეკატერინე ხარაიშვილმა შეასრულა. „ნორჩი დინამოდან“ თავი მარიამ მოდრეკილაძემ და ანი კვიცარიძემ გამოიჩინეს, ერთიც მასპინძლებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

ტურის ცენტრალური მატჩი სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა – ერთმანეთს თბილისის „კვარტალი“ და „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდნენ, რომლებიც ჩემპიონატს ქულების მაქსიმუმით ლიდერობდნენ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმალანჩხუთმა“ მეტოქეს აჯობა და 1:5 გაიმარჯვა. ხატია ჭყონიამ და თეონა ბაქრაძემ დუბლი შეასრულეს, ერთიც ირინა ხაბურზანიამ გაიტანა, ხოლო „კვარტალიდან“ პრესტიჟის გოლი ამალია არაკელიანის ანგარიშზეა.

3 ტურის შემდეგ, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „ლანჩხუთი“ გახდა, ხოლო ბომბარდირთა სიას 6 გოლით სათავეში „ნიკეს“ მოთამაშე ჯოშგუნა ალიევა ჩაუდგა.

1. ლანჩხუთი 3 9

2. ნიკე 3 7

3. ნორჩი დინამო 3 6

4. კვარტალი 3 6

5. ხობის კოლხეთი 3 4

6. მართვე 3 1

7. ბათუმი 3 1

8. გორი იუნაიტედი 3 0

დატოვე კომენტარი