ლანჩხუთის ქალთა გუნდი დაჩაგვრაზე ალაპარაკდა, ჩემპიონ ნიკეს დამფუძნებელი ბრალდებებით გაოცებულია
„ჩემთვის გაუგებარია „ლანჩხუთის“ პრეტენზიები და არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო“ – ასე გამოეხმაურა ქალთა საფეხბურთო კლუბის, „ნიკეს“ დამფუძნებელი გია კვარაცხელია კონკურენტ „ლანჩხუთის“ განცხადებას, რომელიც ამ კლუბმა 2018 წლის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგებთან დაკავშირებით გაავრცელა.
„2018 წლის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში 48 ქულით თბილისის ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,ნიკე“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი, 42 ქულით, „ლანჩხუთმა“ დაიკავა. ლანჩხუთის გუნდის ხელმძღვანელთა მტკიცებით, ისინი ჩემპიონატის ორგანიზატორებმა დაჩაგრეს.
„ნორმალურ საფეხბურთო გარემოში ეს ჩვეული ამბავი იქნებოდა და მეორეადგილოსანი ჩემპიონს წარმატებას მიულოცავდა. სამწუხაროდ ასე არაა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ჩემპიონობა“ მოპოვებულია როგორც უშუალოდ მოედანზე მიღწეული სპორტული შედეგებით, ასევე მოედნის გარედან ხელშეწყობით და ორმაგად სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების დახმარების ან მინიმუმ გულგრილობის ხარჯზე ხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით ქალთა ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. ქვეყნის ჩემპიონი ქვეყნის სახეა საერთაშორისო ასპარეზზე და ქართული ფეხბურთი იმსახურებს ისეთ ჩემპიონს, რომელიც შედეგს მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე აღწევს და არა ჩინოვნიკთა კაბინეტებში მეგობრული ურთიერთობების წყალობით მიღწეული შეთანხმებების ხარჯზე. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და ობიექტურ დამოკიდებულებას ყველა გუნდის მიმართ და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ“ – წერია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.
იქვე კლუბი მიუთითებს, რომ კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ: “ამას ერთი მიზეზის გამო ვაკეთებთ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ბატონი დავით მუჯირი დღეს დაინტერესდა ჩვენი ვითარებით და მას კონკრეტული დარღვევების თაობაზე ინფორმაციას მივაწვდით”.
ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ნიკეს” პრეზიდენტი დამფუძნებელი გია კვარაცხელია გაოცებულია:
“იცით, რა მიკვირს, ჩემპიონატის დასრულებიდან ორი თვე გავიდა და პრეტენზია ახლა გაუჩნდათ? ჩვენ ჩემპიონები გავხდით, “ლანჩხუთზე” 6 ქულით მეტი დავაგროვეთ, უშუალო შეხვედრაში არც ერთხელ არ მოუგიათ – მატჩები 0:0 და 1:1 დავასრულეთ და ეს ყველაფერზე მეტყველებს. 18 ტური გაიმართა და ერთიც შეხვედრაც არ წაგვიგია, 15 მოვიგეთ და ფრედ მხოლოდ 3 დავასრულეთ. ამ ყველაფრის ფონზე ვერ გავიგე, კომენტარი რაზე გავაკეთო. არ ვიცი, არ ვიცი!”