ლანჩხუთის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურად თოვს და გართულებულია ტექნიკით მუშაობა
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურად თოვს და ტექნიკით მუშაობა გართულებულია.
მისივე თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობის დახმარებას, მაგრამ ზოგიერთ ადგილას მათთან კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.
„ლანჩხუთში უმძიმესი მდგომარეობაა. არის ინტენსიური თოვა, ვერ მუშაობს ვერანაირი ტექნიკა, რკინის საბურავებიანი ტექნიკის გარდა. არის ადგილები, სადაც ფიზიკურად ეს ტექნიკაც ვერ ერევა ამ ვითარებას. მოსახლეობა ითხოვს შველას და მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ არის ადგილები, სადაც კომუნიკაციას ვერც ვამყარებთ და ვერც მივდივართ ადგილებზე. თოვა გრძელდება და ამ ეტაპზე ეს ვითარება გვაქვს სხვადასხვა ადგილას – აცანაში, მამათში, ჩოჩხათში, ნიგვზიანში, სუფსაში, ღრმაღელეში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. არის ადგილები, სადაც ჩამონგრეულია სახლები. ტექნიკა მუშაობს, მაგრამ გაწმენდილი გზა ივსება თოვლით და თავიდან გასაწმენდი ხდება“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.