ლანა გალდავა - სალომე ზურაბიშვილი გახლავთ გამაერთიანებელი ფიგურა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კომუნიკაცია, რა იგულისხმა გიორგი ვაშაძემ, ზუსტად ვერ გავიგე
სალომე ზურაბიშვილი გახლავთ გამაერთიანებელი ფიგურა როგორც ქვეყნის შიგნით ხალხის, ოპოზიციური ძალების, ასევე ის წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს საუკეთესოდ საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
გალდავამ კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ვაშაძე აღნიშნავს: „გამოსავალი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა, მინდა, ყველა პარტიას, მათ შორის ქალბატონ სალომესაც ვუთხრა, რომ არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ რომელი პარტიიდანაა“.
„ჩვენ ვართ ხელმომწერები მის მიერ დაინიცირებული „ქართული ქარტიის“, რაც არის სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად ვალდებულების აღება რეფორმების შესრულებაზე. ამავდროულად, ჩვენ ვმონაწილეობთ სხვა ოპოზიციურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მიერ დაინიცირებულ ჯგუფში, რომელიც მუშაობს არჩევნების მიმართულებით. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია, უფრო მეტის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არის ნაადრევი, გამოიკვეთება თანამშრომლობის პროცესში. მე ზუსტად ვერ გავიგე, რა იგულისხმა ბატონმა გიორგიმ. ოპოზიციას, კოორდინაციის თვალსაზრისით, საგარეო და საშინაო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების წარმოსაჩენად პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა გალდავამ.