ლანა გალდავა - ჰელსინკის კომისიაზე დადასტურდა, რომ ლეგიტიმაცია არ ექნება „ქართულ ოცნებას“ და ვერ აღდგება აშშ-თან პარტნიორობა, თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, არ ჩაინიშნა არჩევნები
ჰელსინკის კომისიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება „ქართულ ოცნებას“ და ვერ აღდგება აშშ-თან პარტნიორობა, თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და არ ჩაინიშნა არჩევნები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
გალდავა ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე მოსმენას გამოეხმაურა.
„ჰელსინკის კომისიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სამსახურში და ქართველ ხალხთან. ამავდროულად, ისიც, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება „ქართულ ოცნებას“ და, ცხადია, ვერ აღდგება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და არ ჩაინიშნა დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.