ლანა გალდავა - არ ვიცით 4 ოქტომბრის აქციის ზუსტი მოთხოვნები, არც საორგანიზაციო ჯგუფი ვიცით, ვინ არის, სხვა მხრივ, ჩვენ, მხარდამჭერები დილიდან ვიქნებით უბნებთან, შემდეგ გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა აქციაში მონაწილეობას
4 ოქტომბერს ჩვენ დილიდან ვიქნებით საარჩევნო უბნებთან, მთელი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო, რაც იქნება ჩვენი ამომრჩევლების მიმართულებით მაქსიმალური ყურადღების გამოხატვა და შემდეგ უკვე ხმების დაცვა. რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციას, ჩვენ ამ აქციის ორგანიზატორები არ ვართ, არ ვართ იმ გუნდში და არც ვიცით, ვინ არის ორგანიზატორები გუნდი. ჩვენ ვართ მოქალაქეების გაერთიანება, რა თქმა უნდა, ვისაც აქვს სურვილი, მას შეუძლია, მივიდეს. პროტესტი აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი მომხრეები დილით იყვნენ საარჩევნო ყუთებთან და შემდეგ, საღამოს მივიდნენ“, – განაცხადა გალდავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მივლენ თუ არა „ლელოს“ ლიდერები აქციაზე, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
„თავისუფალი მოქალაქეების გაერთიანებაა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ აქციაზე, რომლის ორგანიზატორებიც არ ვართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ ერთს, რომ დილიდან 20:00 საათამდე უნდა ვიყოთ საარჩევნო უბნებთან. ამის მიღმა ვინ წავა და ვინ არა აქციაზე, ინდივიდუალურად გადაწყვეტს“, – განაცხადა გალდავამ.
წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ არის ურთიერთგამომრიცხავი მისი განცხადება, რადგან „ლელომ“ გადაწყვიტა, არჩევნების გზით წავიდნენ, პარტია მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში და, ამავდროულად, არ გამორიცხავს იმ აქციაზე მისვლას, რომელიც ამბობს, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციის გზით, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ „ლელო“ შევიდა ამ არჩევნებში იმიტომ, რომ პარტია ამ არჩევნებს მიიჩნევს დამატებით, პარალელური ბრძოლის ფორმად.
„ჩვენ ვართ პროტესტში, ვართ ყველა აქციაზე, რომელიც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი, რომლის მოთხოვნა არის ყოველთვის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სხვა აქციებს, რომლის მოთხოვნაც არის ბოიკოტირება, არ ვუერთდებით და იმ აქციების შინაარსს, რომლის შინაარსიც არის ოპოზიციის შიგნით რაიმე განხეთქილების დათესვა. ასეთი სტილის აქციების მონაწილე ჩვენ არ ვართ ხოლმე.
რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციას, ორგანიზატორებში ჩვენ არ ვართ და, დღეის მდგომარეობით, ამ აქციის ზუსტი მოთხოვნები რა არის, ჩვენ არ ვიცით. საორგანიზაციო ჯგუფიც არ ვიცით, ვინ არის და ვინ ატარებს ამას. ამიტომ დავაკვირდებით კიდევ პროცესს, წინ არის სამ კვირამდე, რა იქნება მათი მოთხოვნები, როგორ გადატრანსფორმირდება ეს მოთხოვნები და, სხვა მხრივ, ჩვენი წევრები, მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ საარჩევნო უბნებთან და შემდეგ გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 4 ოქტომბრის აქციაზე. წინასწარ გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ და არ ვიცით, რა არის მათი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ცხადია, ვერ გვექნება, მაგრამ, ზოგადად, ჩვენთვის კონკრეტულად ერთი თარიღის დაკიდება არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბრძოლაში ვართ ყოველდღიურად. ჩვენთვის ბრძოლა არის დღესაც, ბრძოლა არის ხვალაც, ბრძოლა არის ოთხშიც, საარჩევნო უბნებთან და ბრძოლა იქნება ხუთშიც, სანამ არ მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და არ მივაღწევთ იმას, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, – განაცხადა გალდავამ.
როგორც გალდავამ აღნიშნა, „ლელომ“ დადო საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი და საზოგადოებას აჩვენა, რომ შეიძლება, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ძალები დასხდნენ მრგვალი მაგიდის გარშემო და წარადგინონ საერთო მერობის კანდიდატები.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გამოიწვია გუნდის შიგნით უკმაყოფილება მათმა გადაწყვეტილებამ არჩევნებში ჩართვის შესახებ, რადგან, მაგალითად, საბა ბუაძემ ჯერ განაცხადა, რომ უბრალოდ პარტიის რიგით წევრად დარჩებოდა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ ტოვებს პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელოს“, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ არის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული, პოლიტსაბჭოში არის ბევრი ადამიანი და, რა თქმა უნდა, მათ შორის რამდენიმე ადამიანს, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, ყოველთვის შეეძლოთ და შეუძლიათ, გაერთიანების პლატფორმის ფარგლებში თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.