ლალი კალანდაძე - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეს არის კონტრაქტი საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის
ლალი კალანდაძე - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეს არის კონტრაქტი საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეს არის კონტრაქტი საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის, – განაცხადა ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლალი კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

„რაც უფრო ძლიერია მათი ჩართულობა და გაზიარებული პასუხისმგებლობა, მით უფრო მარტივი იქნება ამ მიზნების განსაზღვრა და მიღწევა. დღეს, ისე, როგორც არასდროს, სამინისტრო მზად არის კრიტიკისთვისაც, დიალოგისთვისაც და თქვენთან ერთად კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებადაც“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, სამინისტროს მიდგომაა, ყველა ვერსია, რომელიც შემუშავდა და არსებობს, ცალკე კი არ არსებობდეს, არამედ მათზე წარიმართოს მსჯელობა, ვერსიები შეჯერდეს და საბოლოო გადაწყვეტილებები ასე იქნას მიღებული.

ამასთან, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის მასწავლებელზე და მნიშვნელოვანია ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლება.

„იცით, რომ დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებეშვილის დაბადების დღეს. წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს მასწავლებელთა ძალიან ბევრი განაცხადია შესული.

„ამ განაცხადების განხილვისას იკვეთება ის, რომ ყველა მასწავლებელს აქვს პოტენციალი, იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითი და მაქსიმალურად დაახარჯოს თავისი დრო და რესურსი მოწავლეებს. სახელმწიფოს მხრიდან რჩება ამოცანა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მასწავლებელმა შეძლოს, დრო დაუთმოს მოსწავლეებს და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან ერთად. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა კალანდაძემ.

ლალი კალანდაძემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან დიდი ცვლილებები იგეგმება მეცნიერების მიმართულებით, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.