„ლაიპციგის“ ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
„ლაიპციგის“ ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ბუნდესლიგის ლიდერის, „ლაიპციგისა“ და ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველი შტეფან ილსანკერი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, – წერს სააგენტო AFP.

26 წლის ქალმა ფეხბურთელს უჩივლა. მისი მტკიცებით, 30 წლის ილსანკერმა ის ქალაქ ზალცბურგის ერთ-ერთი ბინაში გამართული წვეულების დროს გააუპატიურა.

ამ მომენტისთვის, ზალცბურგის პროკურატურამ ბრალდებასთან დაკავშირებით პოლიციას გამოძიების ჩატარება დაავალა.

ილსანკერის ადვოკატმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ქალის სიტყვებში ბევრი შეუსაბამობაა. ფეხბურთელმაც იგივე თქვა. „ლაიპციგის“ წარმომადგენლებს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შტეფან ილსანკერი გერმანულ კლუბში 2015 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 130 მატჩი მოდის. ავსტრიის ნაკრებში კი ფეხბურთელს 42 მატჩი დაუგროვდა.