ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი დაფიქსირდა
ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი დაფიქსირდა

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი დაფიქსირდა. სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ლაგოდეხში სწრაფი ანტიგენ ტესტით გაფართოებული კვლევა იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პირველი აპრილიდან დღემდე 65 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული, რამდენიმე პედაგოგი.

ცხრა ინფიცირებული ჰოსპიტალიზებულია. ხიზანიშვილის განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ქ. ლაგოდეხის მესამე და სოფელ  მაწიმის საჯარო სკოლები.

„წერტილოვანი შეზღუდვაზე ან ჩაკეტვაზე ამ ეტაპზე რეკომენდაციები არ განიხილება. ვირუსის გავრცელების ოთხ ლოკაციაზე: ქალაქ ლაგოდეხში, ასევე სოფლებში: მაწიმში, კავშირსა და შრომაში ხვალიდან გაფართოებულ ტესტირებას, კონტაქტების მოძიებასა და უკვე ინფიცირებულების მიმართ ზედამხედველობის გაძლიერებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.